ისტორიული ცნობა
ტერმინი „ლითონი“ ბერძნული წარმოშობისაა (lithos — ქვა). შუა საუკუნეებამდე ცნობილი იყო მხოლოდ 7 ლითონი: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, კალა, ტყვია, რკინა, ვერცხლისწყალი. ალქიმოკოსთა წარმოდგენით, ლითონები წარმოიქმნებოდა მიწის წიაღში პლანეტათა სინათლის სხივების ზემოქმედებით და იქვე თანდათანობით სრულყოფით გარდაიქმნებოდა ვერცხლად და ოქროდ. (ალქიმია). ალქიმიკოსები თვლიდნენ, რომ ლითონები შედგებოდა „ლითონური საწყისისა“ (ვერცხლისწყალი) და „წვადი საწყისისაგან“ (გოგირდი). XVIII საუკუნეში გოგირდი შეცვალეს ფლოგისტონით. ა. ლავუაზიემ უარყო ფლოგისტონის ჰიპოთეზა და დაასაბუთა, რომ ლითონები მარტივი ნივთიერებებია. 1789 წელს ლავუაზიემ ლითონებს მიაკუთვნა იმ დროისათვის ცნობილი 17 მარტივი ნივთიერება ( Sb, Ag, As, Bi, Co, Cu, Sn, Fe, Mn, Hg, Mo, Ni, Au, Pt, Pb, W, Zn).
ქიმიური თვისებები
მეტალთა ქიმიური თვისებებიდან ყველაზე მეტი საერტო თვისება მდგომარეობს იმაში, რომ მათი ატომები შედარებით ადვილად გასცემენ ელექტრონებს და გარდაიქმნებიან დადებითად დამუხტულ იონებად. ქიმიურად უფრო აქტიურია ის ლითონი, რომლის ატომები უფრო ადვილად გასცემს ელექტრონებს. მეტალები ძლიერი აღმდგენელებია. მეტალები რეაქციაში შედიან არამეტალებთან: ჟანგბადთან, გოგირდთან, ჰალოგენებთან, აზოტთან, ფოსფორთან. რეაქციაში შედიან მჟავებთან და წყალთან.